შეკითხვა:

გამარჯობათ,მე მაინტერესებს რა განსხვავებაა სი სისტემასა და გაუსების სისტემას შორის(დაახლოებით ვიცი მაგრამ იქნებ ზუსტად განმიმარტოთ) და ასევე ამასთან არაფერ კავშირსში არაა მაგრამ... როგორ ხდება ანტინაწილაკების მიღება.. მადლობა წინასწარ :))

პასუხი:

გაუსის სისტემას ასევე უწოდებენ CGS (centimeter - Gram - Second) სისტემას და იგი სწორედ ამ ძირითად (სანტიმეტრი, გრამი, წამი) ერთეულებს იღებს საბაზოდ განსხვავებით SI (System International) საერთაშორისო სისტემისგან, რომელიც მათ ნაცვლად იყენებს მეტრი-კილოგრამი-წამი კომბინაციას. SI აერთიანებს შვიდ ძირითად ერთეულს და მათგან ნაწარმოებ 22 სახელიან და განუსაზღვრელი რაოდენობის უსახელო ერთეულებს. გარდაქმნები ამ ორ სისტემაში ტრივიალური არ არის და მოიცემა სპეციალურ ცხრილებში. რესდღეობით SI სისტემის პოპულარობა გაუსის სისტემის ხარჯზე იზრდება და მოიცავს ბიზნესისა და მეცნიერების ყველა სფეროს.

რაც შეეხება ანტინაწილაკს მოგიყვანთ ამონარიდს ჩვენი საიტიდან. სრულად იხილეთ ბმულზე.

...ურთიერგარდაქმნის უნარი – ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა ყველა ელემენტალური ნაწილაკისთვის. მათ შეუძლიათ დაიბადნონ და განადგურდნენ (გამოსხივდნენ და შთაინთქან). ეს ასევე ეხება სტაბილურ ნაწილაკებსაც მხოლოდ იმ სხვაობით, რომ სტაბილური ნაწილაკების გარდაქმნა ხდება არა თავისთავად, არამედ სხვა ნაწილაკებთან ურთიერთქმედებისას. მაგალითად გამოდგება ელექტრონისა და პოზიტრონის  ანიჰილაცია (ანუ გაქრობა), რასაც მაღალი ენერგიის მქონე ფოტონების დაბადება ახლავს. შეიძლება წარიმართოს უკუპროცესიც – ელექტრონულ-პოზიტრონული წყვილის დაბადება, მაგალითად, საკმაოდ მაღალენერგიული ფოტონის ბირთთვთან დაჯახების დროს. ასეთი სახიფათო ორეული, როგორიც ელექტრონისთვის არის პოზიტრონი, ჰყავს ასევე პროტონს. მას  ანტიპროტონი ეწოდება. ანტიპროტონის ელექტრული მუხტი უარყოფითია. დღეისათვის ანტინაწილაკები მოეძებნა ყველა ნაწილაკს.  ნაწილაკის თავის ანტინაწილაკთან შეხვედრისას ხდება მათი ანიჰილაცია, ანუ ორივე ნაწილაკი ქრება, გარდაიქმნება რა გამოსხივების ქვანტად ან სხვა ნაწილაკებად.

ანტინაწილაკი აღმოაჩნდა ნეიტრონსაც კი. ნეიტრონი და ანტინეიტრონი განსხვავდებიან მხოლოდ მაგნიტური მომენტის და ე.წ. ბარიონული მუხტის ნიშნებით. შესაძლებელია ანტინივთიერების ატომების არსებობა. მათი ბირთვები შედგება ანტინუკლონებისგან, ხოლო გარსი – პოზიტრონებისგან. ანტინივთიერების ნივთიერებასთან ანიჰილაციისას უძრაობის ენერგია გარდაიქმნება გამოსხივების ქვანტების ენერგიად. ეს უზარმაზარი ენერგია, გაცილებით მეტია იმაზე, რაც გამოიყოფა ბირთვული ან თერმობირთვული რეაქციების დროს...